English / ქართული / русский /
გიორგი ხარშილაძე
მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ზოგიერთი გამოვლინებანი გარდამავალი პერიოდის საქართველოში

ანოტაცია. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა მაკროეკონომიკური არასტაბილურობა. აღნიშნული პრობლემა მწვავედ დადგა და დგას გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მდგარ თითქმის ყველა ქვეყანაში წარმოიშვა მრავალი პრობლემა, რომელთა დროული გადაწყვეტა წარმოადგენს პირველი რიგის ამოცანას.

საკვანძოსიტყვები: გარდამავალი პერიოდი, მაკროეკონომიკური პრობლემები, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, სტაბილიზაციის პოლიტიკა.

შესავალი

ხხ საუკუნის 80-იანი წლების ბოლო პერიოდიდან მსოფლიო ეკონომიკურ პროცესზე არსებითი გავლენა მოახდინა ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ნგრევამ. ცნება „გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა“ განსაზღვრავს განსახორციელებელი გარდაქმნების მიმართულებას და ხარისხს. მისი, როგორც ცნების ჩამოყალიბება განპირობებულია იმის აუცილებლობით, რომ ერთი კონკრეტული ტერმინით აღინიშნოს იმ მოვლენების ერთიანობა, რომელიც მიმდინარეობს პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, სადაც, ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოახდინოს სახელმწიფო საკუთრებაზე მონოპოლიის გაუქმება და კერძო საკუთრების განვითარებულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ტიპის ეკონომიკური რეფორმა არსებობს. ერთ-ერთ ასეთი კლასიფიკაციის მიხედვით, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რამდენიმე ისტორიული პროცესი შეგვიძლია განვიხილოთ: [პაპავა ვ., 2015:36].

1. კლასიკური გადასვლა, რომელიც გულისხმობს საბაზრო დემოკრატიის გაფართოებას კაპიტალისტური ქვეყნების მაგალითზე;

2. ნეოკლასიკური გადასვლა, რომელიც აისახა საბაზრო რეფორმების პროცესში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ;

3. ბაზარზე ორიენტირებული რეფორმები არაკომუნისტურ ქვეყნებში;

4. აზიური პოსტკომუნისტური ეკონომიკური რეფორმები.

დღევანდელ ეპოქაში საბაზრო ეკონომიკურ სისტემას ალტერნატივა არ გააჩნია. შესაბამისად, მისი უმთავრესი პრინციპების დამკვიდრება მთავარი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული უფლებების არსებობა საბაზრო ეკონომიკის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. ამ უფლებათა დაკანონება წარმოადგენს გარდამავალი პროცესის მთავარი ინდიკატორია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (ჶბღდ) ჩამოყალიბებული აქვს პროგრესის გამოთვლის ინდიკატორებიგარდამავალ პერიოდში. კლასიფიკაციის სისტემა თავდაპირველად ამ უკანასკნელის 1994 წლის გარდამავალი პერიოდის ანგარიშში გამოქვეყნდა, თუმცა მომდევნო წლების ანგარიშებში ის რამდენჯერმე შესწორდა და დაიხვეწა. ეს ინდიკატორებია:

•  ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია;

•  მცირე ზომის საწარმოთა პრივატიზაცია;

•  მთავრობისა და სამეწარმეო რესტრუქტურიზაცია;

•  ფასთა ლიბერალიზაცია; სავაჭრო და საგარეო გაცვლითი სისტემის რეორგანიზაცია;

•  კონკურენციის პოლიტიკის წახალისება;

•  საბანკო რეფორმა და საპროცენტო განაკვეთის ლიბერალიზაცია;

•  ფასიანი ქაღალდების ბაზრებისა და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვითარება;

•  ინფრასტრუქტურის რეფორმა.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოსტსოციალისტური ქვეყნების დიდმა ნაწილმა ზემოთაღნიშნული პრინციპების რეალობაში განხორციელება ვერ შეძლო. გარდამავალ პერიოდში ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკის მთავარ თავისებურებად მისი გლობალური დაუბალანსებლობა უნდა მივიჩნიოთ [ბახტაძე ლ., 2006:15].  სწორედ აღნიშნული პრობლემა უნდა გადაწყდესდროულადგარდამავალ პერიოდში სტრუქტურული გარდაქმნების საფუძველზე. ამ უკანასკნელის გადაწყვეტით არის განსაზღვრული იმ კონკრეტული ამოცანების სპეციფიკა, რომელიც დგას სახელმწიფოს წინაშე.

მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, რომელსაც გამოვლენის მრავალი ფორმა გააჩნია, წარმოადგენს წარსულში და რეფორმების პერიოდში მოქმედი ობიექტური და სუბიექტური ხასიათის ფაქტორების უცნაური გადახლართვის შედეგს [ბახტაძე ლ., 2006:15]. გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოთა უმრავლესობაში სასტარტო პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება, რომელიც გამოხატულებაში სწორედ მაკროეკონომიკური დაუბალანსებლობის ხარისხში უნდა ვეძებოთ. ეს უკანასკნელი კი გამოიხატება საბიუჯეტო და საგარეო ვაჭრობის დეფიციტის, ფულის ჭარბი მასის, შეზღუდული სავალუტო რეზერვების საგარეო ვალის ტვირთის არსებობაში.

ტრანზაქციული ეკონომიკის მკვლევარები განსხვავებულად აფასებენ გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ რეფორმებს. ძირითადი აქცენტი გადატანილია ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურული თავისებურებებზე და მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ გარდაქმნის განსხვავებული სტრატეგიების დანერგვას ან დომინანტურ როლს ანიჭებდნენ იმ საერთო პოსტულატებს, რომლებიც ცნობილია როგორც `ვაშინგტონის კონსენსუსი” (რომლის ავტორი ამერიკელი ეკონომისტი ჯონ ვილიამსონია) და რომელიც თავდაპირველად ხხ საუკუნის 80-იან წლებში ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის შეიქმნა. გარდამავალ ეტაპზე ახალი ეკონომიკური აზროვნებაც წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ძველ აზროვნებასთან.

1990-იანი წლებიდან `ვაშინგტონის კონსენსუსი” პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევ ძირითად სარეკომენდაციო ბაზად იქცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. `ვაშინგტონის კონსენსუსში” მოცემულია 10 ძირითადი რეფორმა, რომელიც გარდამავალ პერიოდში სახელმწიფომ უნდა განახორციელოს:

1.  ფისკალური დისციპლინის დამყარება (ბიუჯეტის მინიმალური დეფიციტი);

2.  სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის, განათლების და ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა;

3.  არსებული საგადასახადო განაკვეთების შემცირება;

4.  ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაცია, რათა რეალური საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდეს დაბალ, მაგრამ დადებით დონეზე

5.  ეროვნული ვალუტის თავისუფალი გაცვლითი კურსი;

6.  საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია (ძირითადად საიმპორტო ტარიფების შემცირების გზით);

7.  უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისთვის შეზღუდვების შემცირება;

8.  პრივატიზაცია;

9.  ეკონომიკის დერეგულირება;

10. საკუთრების უფლების დაცვა.

ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გამოვლენილი ზოგიერთი მაკროეკონომიკური არასტაბილურობა გარდამავალი პერიოდის საქართველოში.

გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის ცალკეული თავისებურებანი საქართველოში არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავცეთ პასუხი ისეთ მნიშვნელოვან შეკითხვებს, როგორიცაა, მაგალითად, როდის დასრულდება გარდამავალი პერიოდი, როდის გამოვა ეკონომიკა კრიზისული პერიოდიდან და როდის უზრუნველყოფს იგი მოსახლეობის ცხოვრების დონის არსებით გაუმჯობესებას. აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხი შეიძლება მოგვცეს მხოლოდ ეკონომიკური განვითარების ტენდენციების ანალიზმა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზების ძიებამ.

ტრანსფორმაციული ეკონომიკის კრისიზისიდან გამოსვლის გზები შეგვიძლია განსხვავებულად აღვიქვათ, მაგრამ ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტს უნდა გავუსვათ ხაზი – ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკა წარმოადგენს წარსულს, რომლის ადგილი წარმატებით დაიკავა საბაზრო ეკონომიკურმა სისტემამ. მართალია, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეს უკანასკნელი შორსაა სრულყოფილებისგან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბაზარი არსებობს, არავის ეჭვს არ იწვევს.

დამოუკიდებლობის მოპოვების საწყისი პერიოდი მეტად მძიმე გამოდგა საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ეკონომიკური ვარდნა ლოგიკურ პროცესად უნდა მივიჩნიოთ.

1990-1994  წლების ძლიერი დაცემის შემდეგ, 1994-1998 წლებში მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმებიგატარდა იყო ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით. შედეგად, გარკვეული ტიპის ცვლილებები განიცადა საბანკო სისტემამ, შემოღებულ იქნა ეროვნული ვალუტა ლარი, განხორციელდა მცირე და საშუალო ტიპის საწარმოების პრივატიზაცია, ვაჭრობის ლიბერალიზაცია. აღნიშნული წარმოადგენდა ეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების რეფორმას, რომლის მიზანი იყო ჰიპერინფლაციის შეჩერება, ეკონომიკის დაბალანსება და ინსტიტუციური პირობების შექმნა. შედეგად, სწრაფად გაიზარდა ეროვნული შემოსავლები, რაც განპირობებული იყო არა მხოლოდ გატარებული რეფორმებით, არამედ 1996-1998 წლებში ბაქო-სუფსის და 2003-2005 წლებში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობით.

მიუხედავად ამისა, განვითარების დონე არასაკმარისი აღმოჩნდა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, რის მაგალითსაც წარმოადგენდა მსოფლიო ბანკის კვლევა, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანთა ოდენობა, რომელთა დღიური შემოსავალი 1.25 დოლარზე ნაკლები იყო 1997-2001 წლებში 5.3%-დან 6.0%-მდე გაიზარდა [„ლიბერალური აკადემია-თბილისი“, 2011: 11].

1998 წელს რუსეთში დაწყებულმა ფინანსურმა კრიზისმა ირიბი ზემოქმედება მოახდინა როგორც საქართველოს, ისე სხვა პოსტსაბჭოთა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკაზე. კრიზისის შედეგად ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, გაიზარდა ფასები და შემცირდა განვითარების ტემპები. ფინანსურმა კრიზისმა ეკონომიკური პროცესების მხრიდან წმინდა საბაზრო რეაქცია გამოიწვია: შემცირდა იმპორტი, გამოცოცხლდა სამრეწველო წარმოება და ამაღლდა საქონლის კონკურენტუნარიანობა. საწარმოებმა შეძლეს იმ უპირატესობების გამოყენება, რომელიც მათ ეროვნული ვალუტის დევალვაციამ მისცა.

1999 წლიდან გამოიკვეთა პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკის განვითარებაში. 1998 წელთან შედარებით გაიზარდა მშპ, შემცირდა ინფლაცია, გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა, გაუმჯობესდა სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა, მაგრამ უკვე შემდგომი 2000 წლიდან, განსაკუთრებით კი წლის მეორე ნახევრიდან, განვითარების ტემპები შემცირდა. აღნიშნული ნეგატიური ტენდენციები რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს წარმოების მატერიალური ბაზის დაბალი დონე.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში ფორმალურად  საქართველო ღია ქვეყანა გახდა, რომელსაც ეკონომიკური კავშირები აქვს მთელ მსოფლიოსთან ძირითადი ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოს ეკონომიკის ზრდას, იყო ინვესტიციების დაბალი დონე და არასახარბიელო საინვესტიციო გარემო, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო კორუფციის მაღალი დონით, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტებით გამოწვეული არასტაბილური გარემოთი, ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობით და სხვა.

1990-იან წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმნიშვნელო იყო იქამდე, ვიდრე განხორციელება არ დაიწყო ენერგეტიკულმა პროექტებმა. 1997-1998 წლებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა შეადგინა მშპ-ს 6.9-7.3%, მაგრამ შემდგომ წლებში ინვესტიციების წილი 2%-მდე დაეცა. შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2003 წელს გაიზარდა და მან 8.4% შეადგინა [დატა.წორლდბანკ.ორგ] ეს დაკავშირებული იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან.

თუ კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის მილსადენის მშენებლობას არ მივიღებთ მხედველობაში, 2004 წლამდე სხვა სერიოზული ინვესტიციები საქართველოში არ განხორციელებულა. სწორედ ამ პერიოდიდან აღინიშნება ინვესტიციების მკვეთრი მატება, რაც ძირითადად განპირობებული იყო შედარებით ფისკალური სტაბილურობით და ლიბერალური ეკონომიკური კურსით. გარდა ამისა, მოხდა 2004 წლამდე არსებული მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალურ ჩარჩოში მოქცევა. ამ ფულის დიდი ნაწილის ინვესტირება მოხდა სამშენებლო, ფინანსურ სფეროში და ტელეკომუნიკაციებში, რამაც, თავის მხრივაც პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა მშპ-ს ზრდაზე.

2004 წლის შემდგომ საქართველოში საინვესტიციო ნაკადების მკვეთრი ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. ამ ტენდენციას ძირითადად განაპირობებდა შედარებითი ფისკალური სტაბილურობა, ლიბერალური ეკონომიკური კურსი და ქვეყნის ხელისუფლების მიერ საერთაშოროსო დონეზე განხორციელებული მასობრივი პიარ-კამპანიები. საინვესტიციო აქტივობის თვალსაზრისით, სიტუაცია გარკვეულწილად უარყოფითად იცვლება 2007-2008 წლებიდან. გარდა ამისა, მოხდა `ვარდების რევოლუციამდე” მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალურ ჩარჩოში მოქცევა. ამ ფულის დიდი ნაწილი ინვესტირდა სამშენებლო, ფინანსურ სფეროებში და ტელეკომუნიკაციებში, რამაც, თავის მხრივ, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა მშპ-ს ზრდაზე.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის კავშირი რამდენიმე მიმართულებით უნდა იქნეს განხილული. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვყოთ ის ფაქტი, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ძირითად წყაროს. ამასთან, იგი უშუალო კავშირშია პრივატიზების პროცესთან. ერთი მხრივ, ამგვარი ინვესტიციები ხშირ შემთხვევაში კავშირშია მესაკუთრის ცვლილებასთან და არა მწარმოებლური აქტივების ფორმირებასთან. მეორე მხრივ, უნდა გამოვყოთ პრივატიზების პროცესთან დაკავშირებული ინვესტიციების რესურსის თანდათანობითი შემცირება. შედეგად, იგი არასრულყოფილად ასახავს ეკონომიკის ზრდის პოტენციალის რეალურ სურათს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ წლებში ნელა, მაგრამ თანდათანობით ხდებოდა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმისთვის წინაპირობების შექმნა. 1992-1996 წლებში გაუქმდა იმპორტზე შეზღუდვები, ხოლო 1995 წლისთვის კვოტირების სისტემა.

საქართველოში ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის განვითარებაში არსებითი როლი შეასრულა საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამ.  1996 წლის ზაფხულში საქართველოს მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი, ხოლო იმავე წლის ივლისში გაცხადდა აღნიშნულ ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრობის მიღების სურვილი, რაც წარმოადგენდა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის ფორმირებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ გატარდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილება, რათა მომხდარიყო კანონმდებლობის მაქსიმალური ჰარმონიზაცია ორგანიზაციის მოთხოვნებთან. შედეგად, გაუქმდა ექსპორტ-იმპორტის კვოტირება, ლიცენზირება, გაუქმდა საგარეო სავაჭრო კონტრაქტების რეგისტრაციის მოთხოვნა, შემცირდა აქციზური საქონლის ჩამონათვალი და სააქციზო განაკვეთები. ექსპორტის წახალისების მიზნით საქართველოში გაუქმდა საბაჟო გადასახადი ექსპორტზე, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები საწარმო დანიშნულების საქონლის იმპორტზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, 1999 წლის ოქტომბერში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა საბჭომ ხელი მოაწერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს, ხოლო 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საქართველოს გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება და 2000 წლის 14 ივნისს საქართველო გახდა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.

საქართველომ აიღო ვალდებულება, რომელიც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სამეწარმეო საქმიანობისა და ექსპორტ-იმპორტის ლიცენზირება, საგადასახადო სისტემა, სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები, სუბსიდიების გამოყენებას და ა.შ. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბმული ტარიფების ცხრილთან მიერთება. იმ სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფები დაფიქსირდა უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე გაწევრიანების მომენტისთვის მოქმედი ტარიფი (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფარმაცევტული პროდუქცია, მანქანა-დანადგარები, ზოგიერთი ნედლეული და ა.შ.), საქართველო გაწევრიანების დღიდან ვალდებული იყო, მოქმედი ტარიფი შეესაბამებინა “ბმულის” მოთხოვნებისთვის, დაეწესებინა მისი დონის ან უფრო დაბალი ტარიფი (ბმული ტარიფების ცხრილები წარმოადგენს საქონლის იმპორტზე საბაჟო ტარიფის იმ მაქსიმალური განაკვეთების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენების უფლება აქვს საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე).

ტარიფთა მაღალი დონეები გაწევრიანებისას შეთანხმდა ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (ალკოჰოლი, ხილის წვენები, გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, თამბაქო და ა.შ.), აგრეთვე, მცირე რაოდენობის სამრეწველო პროდუქციაზე (სამშენებლო მასალები, მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი და ა.შ.). ზოგიერთ პროდუქციაზე ბმული ტარიფები მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში თანდათანობით შემცირდა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით აშშ-მ საქართველოს მოუხსნა ე.წ. ჯოქსონ-ვენიკის შესწორების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირთან ვაჭრობის შეზღუდვას და მიანიჭა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი მუდმივ ბაზარზე, ხოლო შემდგომ _ განზოგადებული პრეფერენციათა სისტემის (გშჵ) ბენეფიციარის სტატუსი. ამავდროულად, საქართველომ მიიღო უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი 148 ქვეყნის ბაზარზე, რაც ნიშნავდა, რომ საქართველოდან იმპორტირებულ საქონელს მათ ბაზარზე უპირატესობა ექნებოდა სხვა ქვეყნის საქონელთა შედარებით. მსგავსი ხელშეწყობის რეჟიმი,სხვა უპირატესობებთან ერთად, გამოიხატებოდა წევრი ქვეყნების საიმპორტო ტარიფების შემცირებაშიც.

2005 წლისთვის საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის პრეფერენციების განახლებული გენერალიზებული სისტემის (გშჵ+) შეღავათები მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობისთვის. ეს რეჟიმი ვრცელდება ევროკავშირის საბაჟო სატარიფო კოდით აღნიშნული პროდუქტების დაახლოებით 66%-ზე. შესაბამისად, აღნიშნული რეჟიმი უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას, ძირითადად, საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას ქართული წარმოშობის დაახლოებით 7200-ზე მეტი სახეობის პროდუქტისთვის [ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2014:8]. აღნიშნული უპირატესი ხელშეწყობის სავაჭრო რეჟიმის ძირითადი მიზანია განვითარებადი ქვეყნების დახმარება მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმის შედეგად გენერირებული დამატებითი შემოსავლების გზით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის პროდუქტები, რომელთა მოძრაობა საზღვარზე მხოლოდ საბაჟო გადასახადის გამო ფერხდება, ძირითადად არასასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია. ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციების გამოყენების შეფასების მიხედვით 2010 წლის მდგომარეობით, საქართველოს პრეფერენციების გამოყენების ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა (92.52%), რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ტვირთბრუნვის 90%-ზე მეტი ნულოვანი ტარიფით განხორციელდა. ყველა დანარჩენი პროდუქტისთვის კი ად ვოლარემ (ღირებულების შესაბამისად) დადგენილი გადასახადები შემცირდა 3.5%-ით [ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2014:8].

მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ (დჩფთა) სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება. ამ უკანასკნელმა ჩაანაცვლა გშჵ+, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი ბარიების ორმხრივ გაუქმებას. საქართველოს ექნება წვდომა ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზართან და იგი იქნება `ყოვლისმომცველი”, ვინაიდან იგი მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ მიმართულებებთან და `ღრმა”, ვინაიდან გამიზნულია ყველა სავაჭრო ბარიერის მოსახსნელად “საზღვრებს მიღმა” ბარიერების ჩათვლით. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს 95%-მდე ტარიფის მოხსნას. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობას, ამ სფეროს შეეხება მთელი რიგი ლიბერალური განაკვეთების დაწესება, გამონაკლისების გარდა.

მიუხედავად ვაჭრობის ლიბერალიზაციისა, აღნიშნულ ინსტიტუციურ ცვლილებებს ეკონომიკაზე თვალსაჩინო ეფექტი ჯერჯერობით არ მოუხდენია. შედარებით დაბალი ხარისხის საქონელი და მაღალი ხარჯები საქართველოს არაკონკურნტუნარიანობის მაჩვენებელია, რაც ხელისშემშლელად მოქმედებს მოსახლეობაზე და იწვევს უარყოფითი სავაჭრო სალდოს ზრდას. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს ფორმირებას.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა საგადასახადო-საბიუჯეტო სექტორში. საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და საბიუჯეტო-ფინანსური დისციპლინის დამყარება სააკაშვილის ხელისუფლების ძირითად მახასიათებლად და მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, ქვეყნის საბიუჯეტო სისტემა, საბიუჯეტო პროცესი და ფისკალური პოლიტიკა ორმხრივადაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკასთან. ერთი მხრივ, ეს სისტემა წარმოადგენს ხელისუფლების ძირითად ბერკეტს, რათა გაატაროს ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური პოლიტიკა, მეორე მხრივ, სხვადასხვა დონის ბიუჯეტებში სარკისებურადაა ასახული ეკონომიკაში ჩამოყალიბებული ტენდენციები.

`ვარდების რევოლუციის” შემდგომ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაცია გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ `ლიბერალიზაციას”, რომელიც უმთავრესად საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულ ცვლილებებში გამოიხატა, თან სდევდა საგადასახადო ადმინისტრირების უკიდურესი გამკაცრება. 2004 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის ბაზას წარმოადგენდა 1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საგადასახადო კოდექსი, აგრეთვე რამდენიმე კანონი, მაგალითად: `საგზაო ფონდის შესახებ”, `საბაჟო კოდექსი” და ა.შ. 1997-2004 წლებში მოქმედ საგადასახადო კოდექსში მრავალი ცვლილება განხორციელდა, ხოლო 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სრულიად ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2004 წლის 22 დეკემბერს. ძველი საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედებდა 13 საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, 6 ადგილობრივი გადასახადი და 1 საბაჟო გადასახადი, რომელიც რეგულირდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსით, ანუ სულ 20 გადასახადი.

ახალი საგადასახადო კოდექსით განისაზღვრა 5 საერთო-სახელმწიფოებრივი და 1 ადგილობრივი გადასახადი, რასაც ემატებოდა საბაჟო კოდექსით რეგულირებული საბაჟო გადასახადი. ანუ გადასახადების რაოდენობა 8-მდე შემცირდა. ახალი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნებოდა: საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი; აქციზი; სოციალური გადასახადი. ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნებოდა: ქონების გადასახადი; სათამაშო ბიზნესის გადასახადი. საბაჟო კოდექსით განსაზღვრული იყო საბაჟო გადასახადი.

ამასთან, ახალი საგადასახადო კოდექსით შეიცვალა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, რომელიც 2005 წლის 1 იანვრამდე იყო პროგრესული შემოსავალთან მიმართებაში – 12%, 15%, 17% და 20%, ხოლო დივიდენდებისა და პროცენტებისთვის შეადგენდა 10%-ს, შემოვიდა ერთი პროპორციული განაკვეთი – 12%. დივიდენდის და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავლებზე განაკვეთი უცვლელი დარჩა. არ შეცვლილა არც მოგების გადასახადის განაკვეთი – 20%, დამატებული ღირებულების გადასახადი კი 20%-დან 18%-მდე შემცირდა. 2005-2010 წლებში კვლავ მიმდინარეობდა ცვლილებების განხორციელება საგადასახადო კოდექსში.

2004 წელს მიღებული საგადასახადო კოდექსი მოქმედებდა იქამდე, ვიდრე 2011 წლის 1 იანვარს ძალაში არ შევიდა 2010 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსი. ახალი საგადასახადო კოდექსით დადგინდა 6 გადასახადი, რომელთაგან 5 საერთო-სახელმწიფოებრივია – საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, იმპორტის გადასახადი და ერთი ადგილობრივი – ქონების გადასახადი.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გადასახადის სახეებსა და განაკვეთებს შეეხო, შედარებით ნაკლებად აისახა საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე: გადასახადების სახეები შემცირდა 20-დან 6-მდე, მაგრამ მიწის გადასახადი, ავტომობილის მფლობელთა გადასახადი რეალურად არ გაუქმებულა და ინტეგრირებულ იქნა ქონების გადასახადში. სოციალური გადასახადის გაუქმების პარალელურად, საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 12%-დან 25%-მდე და მხოლოდ შემდგომ შემცირდა 20%-მდე, ანუ ცვლილებების იმ ეტაპზე ამ ორი გადასახადის ერთგვარ ინტეგრირებასთან გვქონდა საქმე. ცალკე საკითხია ის, რომ სოციალური გადასახადი სოციალურ შენატანად შეიძლება გარდაქმნილიყო სოციალური სისტემის რეფორმის ფონზე, თუმცა ასეთი რეფორმა არ განხორციელებულა. სათამაშო ბიზნესის გადასახადი გარდაიქმნა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლად. ქონების გადაცემის გადასახადით დაბეგვრის ობიექტი მოექცა საშემოსავლო გადასახადში. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი კი ამავე სახელწოდების მოსაკრებლად გადაიქცა.

 ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2004 წლის 1 იანვრამდე არსებული გადასახადის მრავალი სახეობის მიუხედავად, ბიუჯეტში ფისკალური ეფექტი მინიმალური იყო. ძირითადი შემოსავლების მობილიზება, უპირველეს ყოვლისა, არაპირდაპირი გადასახადებიდან (დღგ, აქციზი) და შემდგომ უკვე საშემოსავლო და მოგების გადასახადებიდან ხდებოდა. ასე რომ, ამ მხრივაც უშუალოდ საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე გადასახადის რაოდენობის შემცირება ნაკლებად აისახა.

შედარებით შემცირდა ტვირთი საკანონმდებლო კუთხით დღგ-ს განაკვეთის 20%-დან 18%-მდე დაწევით და მოგების გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირებით. საშემოსავლო გადასახადის კუთხით პროგრესული გადასახადიდან 12%-იან პროპორციულ განაკვეთზე გადასვლა მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია იყო. თუმცა შემდგომ მისი განაკვეთის გაზრდამ ჯერ 25%-მდე, შემდგომ 20%-მდე და დაბეგვრის არეალის გაფართოებამ შეასუსტა რეალური საგადასახადო ტვირთის შემცირების ეფექტი. მითუმეტეს, სოციალური გადასახადი (რომელიც გაუქმდა საშემოსავლო განაკვეთის ზრდასთან ერთად) ძირითადად დაქირავებით მომუშავეებზე ვრცელდებოდა, საშემოსავლო გადასახადის არეალმა კი ყველა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლები მოიცვა და, გარკვეული მორატორიუმების შემდგომ, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც 12%-დან 20%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი იყო საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის თანდათანობით შემცირება (20%-დან ჯერ 18, ხოლო შემდეგ 15%-მდე). 2008 წლის კრიზისით გამოწვეული პრობლემების გამო ეს პროცესი შეჩერდა და გადასახადი კვლავ 20%-ია. ასევე საყურადღებოა, რომ რეფორმების პროცესში, საგადასახადო დავებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის საგადასახადო დავების კერძო არბიტრაჟში განხილვა, მაგრამ ამ მუხლის იმპლემენტაციაც ვერ მოესწრო. მუხლი გაუქმდა იმ არგუმენტით, რომ ამით სახელმწიფოს ფისკალური ზიანი მიადგებოდა. ეს ფაქტი ერთგვარი მახასიათებელია მთელი პოსტრევოლუციური საგადასახადო პოლიტიკისა, რამდენადაც კანონმდებლობის ლიბერალიზაციის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირება მიმდინარეობდა სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების განსაკუთრებული პრესის ფონზე.

ყოველივე ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საფინანსო რესურსების ოპერატიულ მართვაზე და ქვეყნის საფინანსო სფეროში მოაქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მობილიზებული ყველა საბიუჯეტო სახსრები, რამაც საფუძველი დაუდო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგიონული ხაზინის შექმნას და ქვეყანაში ერთიანი საფინანსო წესრიგის დამყარებას. ამდენად, რეალური საგადასახადო ტვირთი გაცილებით მეტადაა გამოხატული მშპ-თან საგადასახადო შემოსავლების ზრდის დინამიკაში, ვიდრე განაკვეთებთან დაკავშირებულ კალკულაციებში.

დასკვნა

ჩვენი ქვეყნის მცდელობამ, იპოვოს განვითარების თავისი გზა, შეიძლება თვითიზოლაციამდე მიგვიყვანოს, იქამდე, რომ საქართველო ვერ დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. ეკონომიკის წარმატებული განვითარებისთვის კი საჭიროა საქმიანი კონტრაქტების მხარდაჭერა უცხოური კაპიტალის მოზიდვა წარმოების პერსპექტიულ დარგებში. შრომისნაყოფიერების არსებული დონე ნამდვილად არასაკმარისია, მაგრამ მისი ამაღლების რეზერვები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, თუმცა მათი გამოყენება ფერხდება წარმოების დაბალი ტექნოლოგიური ბაზის, სამუშაო ძალის სუსტი მობილურობის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისათვის არასაკმარისი დაბანდების გამო.

ეკონომიკის სწრაფ განვითარებას ხელს უშლის მერყევი მაკროეკონომიკური სიტუაცია. დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური სტაბილურობა გამოწვეულია არა რაიმე რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით, არამედ მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებული კონიუნქტურით. ეკონომიკის ნორმალურ განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს უდეფიციტო ბიუჯეტი, რის შედეგადაც შემოსავლების ხარჯზე შესაძლებელია არა მარტო მთავრობის ყველა აქტივობის დაფინანსება, არამედ სახელმწიფო ვალის გარკვეული ნაწილის გადახდა და ეკონომიკის საბიუჯეტო სექტორში განვითარება.

რეფორმების შემუშავების მიმართ არსებული მრავალი მიდგომის მიუხედავად, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მისაღწევად ერთ-ერთ პირველ ნაბიჯს ფასების რეფორმა წარმოადგენს. თითოეულ სახელმწიფოს გააჩნია დიდი არჩევანი აღნიშნულ პროცესში, მაგრამ მათი შემდგომი განვითარება დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით არსებულ საწყის პირობებზე. კერძოდ, საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობას და პოლიტიკურ სტაბილურობასა და მხარდაჭერაზე.

საწყის ეტაპზე, მიზანშეწონილია, სწრაფი ტემპით გადატრდეს საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ამ უკანაკნელის გატარებით შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, ჭარბი ლიკვიდობა და შეიზღუდება საკრედიტო პოლიტიკა, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც სუბსიდიები მშპ-ს მნიშვნელოვან წილს შეადგენს, მაკროეკონომიკური წონასწორობის აღსადგენად უნდა დაწესდეს რეალური ფასები. აუცილებლობას წარმოადგენს ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც შეზღუდავს ხელფასების ზრდას ფასების ზრდის საპასუხოდ. სტაბილიზაციის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების პირობებში წარმოიქმნება სოციალური დაცვის სისტემის შექმნის აუცილებლობა, რათა რეფორმა მტკივნეულად არ შეეხოს ადამიანების ცხოვრების დონეს.

მიზანშეწონილია,მოკლევადიანი სტაბილიზაციის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შემდეგ ქვეყანამ დაიწყოს საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო და საგარეო ვაჭრობისსტრუქტურული რეფორმები. ამავდროულად, მიზანშეწონილია, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება საკუთრებითი ურთიერთობების, შრომის ბაზრის სფეროში. მნიშვნელოვანია რეფორმები საბანკო სისტემაში, ხოლო შემდგომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შექმნა, როგორიცაა საფონდო ბირჟა.

ავტონომიური საბანკო სისტემა ამსუბუქებს არაპირდაპირ მაკროეკონომიკურ რეგულირებას, ხოლო მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებლია ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროში, როგორიცაა საბუღალტრო აღრიცხვის სისტემა, აქტივების ზუსტი შეფასების მეთოდების სრულყოფა, საწარმოთა სტრუქტურული გარდაქმნა და ფასების რეფორმა. საგარეო ბაზარზე ფირმების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, აუცილებელია საგარეო სფეროში კვოტების გაუქმება და შემდგომ ტარიფების თანდათანობითი შემცირება.

ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად არაეფექტიანი სტრუქტურა და სახელმწიფოს ბალანსზე არსებულიზარალიანი საწარმოების დიდი რაოდენობა უნდა დავასახელოთ. ყოველივე ეს ზღუდავს წარმოებაში ინვესტიციების შესაძლებლობას. დასახელებული ნაკლოვანებების თანდათანობით აღმოფხვრა ქვეყანას საშუალებას მისცემს, განამტკიცოს ეკონომიკაში მიმდინარე თუ დაგეგმილი პოზიტიური ცვლილებები, უზრუნველყოფილ იქნეს ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტემპების მიღწევა და ცხოვრების დონის ამაღლება.

გამოყენებული ლიტერატურა 

1. ბახტაძე ლ. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრატურისთვის, თბ., 2006.

2. პაპავა  ვ., (თამარ თაფლაძისა და არჩილ გეგეშიძის მონაწილეობით), საქართველოს ეკონომიკა, რეფორმები და ფსევდორეფორმები. გამომცემლობა „ინტელექტი“,თბილსი, 2015.

3. „ლიბერალურიაკადემია - თბილისი“ - საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია: დამოუკიდებლობის 20 წელი“ თბილისი 2011

4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სიცვრის შესახებ და საქართველო, თბ., 2014.

5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური www.geostat.ge;

6. data.worldbank.org;